-
როგორია ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წესი და ღირებულება?
-
როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი საავარიო სიტუაციის შექმნის დროს?
გაუმართავი გაზის ხელსაწყოებისა და არასტანდარტული საკვამლე და სავენტილაციო არხების ხმარებისას შესაძლებელია სათავსოში CO-ს გამოყოფა, რომელიც უფერო, უსუნო, უგემო და ძლიერ მომწამლავია. გარემოში CO-ს 0.5%-ს დაგროვება 20-30 წთ-ში ახდენს ადამიანზე სასიკვდილო ზემოქმედებას, ხოლო 1% შესუნთქვისას 1-2 წთ-ში იწვევს სიკვდილს. შენობაში გაზის სუნის შემჩნევისას შეწყვიტეთ გაზის მოხმარება, გადაკეტეთ გაზის ონკანები, გამოაღეთ კარ-ფანჯრები, გაანიავეთ სათავსო. არ იხმაროთ ღია ცეცხლი, ელექტროხელსაწყოები და არ ჩართოთ ან არ გამორთოთ შუქი. დარეკეთ 114! კატეგორიულად აკრძალულია გაზსადენიდან ან გაზის ხელსაწყოებიდან გაზის გაჟონვის დადგენის მიზნით ღია ცეცხლის გამოყენება. გაზის მოწოდების შეწყვეტის შემთხვევაში აბონენტი ვალდებულია შეამოწმოს გადაკეტილია თუ არა ონკანები: გაზის მრიცხველთან, გაზქურასთან, წყალგამაცხელებელთან და გამათბობელ ხელსაწყოებთან;
-
რა შემთხვევაში დგება სამართალდარღვევის ოქმი?
ბუნებრივი გაზის მოხმარების დროს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიის შესაბამისი სამსახურის მიერ დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს განიხილავს კომპანიის უფლებამოსილი თანამშრომელი და გამოაქვს შესაბამისი დადგენილება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვის შედეგად ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურებისას შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” უფლებამოსილია, მოითხოვოს მომხმარებლისაგან კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება; ზიანის ოდენობის დაანგარიშება ხორციელდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ 2009 წელს 9 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული “ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები”-თ დანსაზღვრული ნორმების შესაბამისად მომხმარებელთან დამონტაჟებული გაზის დანადგარების ან/და ხელსაწყოების ტექნიკური მონაცემების გათვალისწინებით.
-
რა სანქციებია გათვალისწინებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით აბონენტის მიერ გაზგამანაწილებელი კომპანიის წარმომადგენლის გაზის აღრიცხვის ხელსაწყოსთან (მრიცხველთან) არ დაშვების შემთხვევაში?
წესების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ მომხმარებელი 1 თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს მიმწოდებლის ან/და განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს მრიცხველთან, მათ უფლება აქვთ შეუწყვიტონ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება.
-
რა უფლებამოსილება გააჩნია გაზგამანაწილებელ კომპანიას საცალო მომხმარებლების ქსელისა და დანადგარების შემოწმებასა და ზედამხედველობის დროს?
განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, გაზდანადგარების ან მოწყობილობების შემოწმება, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის (დარღვევების) აღმოჩენასა და ამ დარღვევის შესაძლო შედეგებსა და ხარვეზის გამოსწორების შესაძლო ვარიანტებზე (მათ შორის თუ რა ტიპის ხელსაწყოთია შესაძლებელი გაუმართავი ხელსაწყოს ჩანაცვლება) საცალო მომხმარებელთა ინფორმირებას. შემოწმებისას უნდა შედგეს შესაბამისი აქტი, რომელშიც მოცემული იქნება შემოწმების შედეგები და ვადა დარღვევის გამოსასწორებლად (აღნიშნული ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს). განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ქსელიდან ჩახსნას ის დანადგარი ან ხელსაწყო, რომლის ექსპლუატაციაც არ აკმაყოფილებს ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს და უსაფრთხოების ნორმებს. ამასთან, თუ შეუძლებელია აღნიშნული დანადგარის, ხელსაწყოს ან გაუმართავი ქსელის სისტემიდან (ან ქსელიდან) ჩახსნა, დარღვევის სიმძიმიდან (უსაფრთხოებიდან) გამომდინარე, მაშინ განაწილების ლიცენზიატს ხარვეზის გამოსწორებამდე უფლება აქვს შეუწყვიტოს ამ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება.